ლავროვი ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას „ფეიკურ თავდასხმასა“ და ინსცენირებას უწოდებს

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ ეს იყო „ფეიკური თავდასხმა". ამის შესახებ ლავროვმა დღეს გაეროს თავმჯდომარის მოადგილესთან ჰუმანიტარულ საკითხებში მარტინ გრიფისთან შეხვედრისას განაცახდა. 

„ქალაქ ბუჩაში, კიევის ოლქში, მას შემდეგ რაც აქედან, გეგმების შესაბამისად, რუსი სამხედროები გავიდნენ, განხორციელდა მომდევნო „ფეიკური თავდასხმა“... იქ რამდენიმე დღეში დაიდგა „ინსცენირება“, რომელსაც უკრაინის წარმომადგენლები და მათი დასავლელი მფარველები ყველა არხსა და სოციალურ ქსელში ავრცელებენ", – თქვა ლავროვმა. 

ამასთან, ლავროვმა ამ ყველაფერს პროვოკაცია და საერთაშორისო უსაფრთხოების საფრთხე უწოდა. რუსეთი საკითხთან დაკავშირებით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოწვევას ითხოვს. 

„ამ კონკრეტულ საკითხზე [გაერო-ს] უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომა მოვითხოვეთ, რადგან მსგავს პროვოკაციებში ვხედავთ პირდაპირ საფრთხეს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის", – თქვა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.

ასევე წაიკითხეთ:

სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს

ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის

რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს

შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას